6.27.2020

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა საქართველოში

საქართველოში, კორონავირუსის ეპიდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობა 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლებში, მსხვერპლი ქალები უფრო მეტად მიმართავენ სამართალდამცველებს და საკანონმდებლო ბაზაც დაიხვეწა, თუმცა ჯერ კიდევ მოსახლეობის ნაწილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ძალადობად არ აღიქვამს, გაუპატიურებული ქალები სოციალური გარიყულობის მსხვერპლნი ხდებიან და არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება ზოგიერთ თემში ჯერაც წახალისებულია.




ჩინარა კოჯაევას, სალომე ზანდუკელის და ნათია გიგილაშვილის ისტორიები  კინოს სცენარებს ჰგავს. სინამდვილეში, ისინი რეალურ სამყაროში არსებობენ, თავიანთ ამბებს ხმამაღლა ჰყვებიან და ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან.


ჩინარა კოჯაევა 14 წლის იყო როცა პირველად გათხოვება დაუპირეს. მეცხრეკლასელი გოგონა 23 წლის ბიჭს მოეწონა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. ჩინარას ოჯახი დათანხმა. მამა თვლიდა, რომ ეს ჩინარასთვის კარგი იქნებოდა. ჩინარას არც ბიჭი მოსწონდა და არც გათხოვებაზე ფიქრობდა, კარგად სწავლობდა და განათლების გაგრძელებაზე ოცნებობდა.

ჩინარამ დასახმარებლად ქართულის მასწავლებელს მიმართა. ტასო ერთადერთი იყო, ვინც ჩინარას მხარს უჭერდა. მასწავლებელმა დასახმარებლად იურისტს მიმართა, საბოლოოდ საქმე სამართალდამცავებს გადაეცა. მამა პოლიციაში დაიბარეს. ხელწერილი ჩამოართვეს. გოგონა გადარჩა. სწავლა გააგრძელა

ოჯახის ინიციატივით, 17 წლის ჩინარას გათხოვება მეორედ დაუპირეს. უარის მიუხედავად, ოჯახმა საქორწინო კაბა და ტორტი დაჩქარებით შეუკვეთა. ტრადიციისამებრ ჭიშკარი წითელი ბაფთებით მოირთო და ქორწილის დღეც ჩაინიშნა. ჩინარა ისევ აჯანყდა. არ დაემორჩილა მამის და საქმროს ნებას.
ამჯერად გოგონამ დასახმარებლად ნაცნობ ჟურნალისტს მიმართა, მან სახალხო დამცველს, საქმეში ისევ სამართალდამცავები ჩაერთვნენ. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონა პოლიციის განყოფილების უკანა კარიდან გააპარეს და თავშესაფარში გადაიყვანეს. მამა დააპატიმრეს.

ჩინარა მებრძოლი გოგონას სიმბოლო გახდა, მათ შორის მის მშობლიურ თეთრიწყაროს რაიონში. ახლა, მისი არჩევანის ერთ-ერთი მხარდამჭერი საკუთარი მამაა.

ტასო მასწავლებელი წუხს წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა, პატარა გოგონებს კვლავ ათხოვებენ.
მისი ცხოვრებისეული არჩევანის გამო, უკვე სამი წელია, ჩინარა პოპულარული გადაცემების სტუმარია. შსს-მ მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო სერიიდან "პოლიციის ფაილები", მაგრამ თეთრიწყაროს რაიონში ერთ ბანერსაც ვერ იპოვით, სადაც სახელმწიფო კამპანიას აწარმოებს არასასურველი დაოჯახების წინაამღმდეგ, იქვე ვერც ცხელი ხაზის ნომრებს აღმოაჩენთ, რომლითაც მსხვერპლს მოუწოდებენ დასახმარებლად მიმართოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ არასრულწლოვნების იძულებით ქორწინება სხვა დანაშაულებისგან მტკიცებულებათა სიმცირით გამოირჩევა. ქვეყნაში ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ამ ხრივ არსებულ რეალობას აღწერს, არ არსებობს.

თემაზე ანი ჭედიამ იმუშავა. ჩინარასთან ინტერვიუზე, ჟურნალისტმა მას ჰკითხა როგორი ფოტო გადაეღო. ჩინარამ ბედნიერების ფოტოს გადაღება მოისურვა და ანის ოცნებები გაუმხილა.


ნათია გიგილაშვილის ოცნება შვილებთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრებაა, ისე რომ ყოველთვიური ქირა არ ჰქონდეს გადასახდელი. ერთი შეხედვით, მისი ისტორია ძალადობის მსხვერპლი ქალების მსგავსია, მაგრამ გამორჩეულია იმით, რომ 13 წლიანი თანაცხოვრების მიუხედავად გაბედა, მოძალადე ქმარს არ დაემორჩილა და ცხოვრება თავიდან დაიწყო.

მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. ცოლს სახლში ჯდომას აიძულებდა და თან აზარტული თამაშებით იყო გატაცებული. სახლიდან გამოქცეულს დაედევნა და საჯაროდ, დიდუბის ბაზრობაზე შვილების თვალწინ ცემა. მოძალადე ციხეში ჩასვეს. ნათია თვლის, რომ ყოფილ მეუღლეს მცირე სასჯელი მიუსაჯეს. ნათია 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად თავშესაფარში გადაიყვანეს.
ნათია გიგილაშვილის ისტორიამ აჩვენა, რომ საქართველოში სისტემა მეტად ორიენტირებულია მსხვერპლის დაცვაზე და ნაკლებად ზრუნავს მოძალადეზე. ბოლო წლების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ციხიდან დაბრუნებული ყოფილი ქმრები და პარტნიორები სიცოცხლის მოსპობით უსწორდებიან ქალებს და ბავშვებს აობლებენ. 

ანა გოგიტიძე ესაუბარა ნათია გიგილაშვილს, გაეცნო სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, ინტერვიუები ჩაწერა იმ ადამიანებთან ვისი დახმარებითაც ნათია გადარჩა, ფეხზე დადგა, კულინარიით დასაქმდა და შვილებთან ერთად მაგალითი შექმნა იმისა, რომ ადამიანი ყველაფერს შეძლებს თუ არ დანებდება და მოინდონებს.


"გაცილებით დიდია სტიგმა როცა ვსაუბრობთ გაუპატიურებაზე და გაცილებით ნაკლები, როცა ვსაუბრობთ ძალადობაზე, რადგან საზოგადოებას გაცნობიერებული არა აქვს დანაშაულის სიმძიმე" - ამბობს იურისტი და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" თანამშრომელი ქეთი ბახტაძე.

საკანონმდებლო ინიციატივების დაკანონების შემთხვევაში გაუპატიურებად ჩაითვლება არა მხოლოდ ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით განხორციელებული ქმედება, არამედ "პირის თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირი". კანონის გარეშე მსხვერპლი ფაქტობრივად დაუცველია. სოფი კეკელიამ იმუშავა ამ საკითხებზე, დაინტერესდა რას აკეთებს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად.      სოფიმ აღმოაჩინა, რომ სახელმწიფომ საზოგადოების ჩართულობის გაზრდისთვის, მესამე პირებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა. იმავდროულად შეაგროვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობენ და რომელთა წვლილი ქალთა უფლებების დაცვაში - გადამწყვეტია სოფი კეკელიას ბლოგზე საგანამათლებლო-ინსტურქციულ ნაწილში იხილავთ ცოტნე კვირტიას მიერ მომზადებულ ვიდეო გზამკვლევს, რომელიც გასწავლით როგორ გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია მოძალადეების წინააღმდეგ. მან და ამ მასალაზე მომუშავე სტუდენტებმა, სამეგრელოსა და აჭარაში ჩაწერეს მოქალაქეები და მოისმონეს მათი აზრი იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევენ ძალადობას და სად ხედავენ გამოსავალს.








თემაზე მუშაობდნენ: ანა გოგიტიძე ანა ჭედია სოფი კეკელია ცოტნე კვირტია ეთო ბიქოშვილი შენიშვნა: საბაკალავრო პროექტის წარდგენის შემდეგ ეთო ბიქოშვილის ბლოგი გაუქმდა. მთავარმა რესპონდენტმა, რომელმაც გაგვიზიარა ისტორია, ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.


ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა საქართველოში

საქართველოში, კორონავირუსის ეპიდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობა 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლებში, მსხვერპლი ქალები უფრო მეტად მიმართავენ სამართ...